ავსტრიაში მოცარტის სახლი იყიდება - ბაროკოს სასახლედ გადაქცეული ციხესიმაგრე 12 მლნ დოლარი ღირს

მე-12 საუკუნეში აშენებული ეს ციხესიმაგრე მოცარტის დროს მდიდრულ ბაროკოს სასახლედ გადაიქცა. დიდმა კომპოზიტორმა აქ სიცოცხლის ბოლო წელი გაატარა, დაასრულა "ჯადოსნური ფლეიტა" და დაიწყო, მაგრამ ვეღარ დაასრულა "რექვიემი". ახლა შენობა აუქციონზეა გატანილი, მისი ფასი 12 მილიონი ევროდან იწყება.


ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში მან 800-მდე ნაწარმოები დაწერა, მათ შორის - ოპერები, სიმფონიები და კონცერტები, რამაც განსაზღვრა მსოფლიო მუსიკის განვითარება მომავალი საუკუნეების განმავლობაში.

ისი მუსიკა დღემდე ძალიან აქტუალურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აღსანიშნავი და ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მოცარტმა თავისი პირველი პიესები ხუთი წლის, ხოლო პირველი სიმფონი რვა წლის ასაკში დაწერა. ოჯახთან ერთად მოიარა მთელი ევროპა, სამეფო ოჯახის წინაშეც ბევრჯერ დაუკრავს. 1769 წელს კი, 13 წლის ასაკში, მუსიკოსი ზალცბურგში კარის კონცერტმეისტერად დაინიშნა.


1791 წელს, 35 წლის ასაკში, მოცარტი ავად გახდა ერთ-ერთი პრემიერის დროს და მალევე გარდაიცვალა. მისი ცხოვრების ბოლო წელი ნაყოფიერი იყო: მან დაწერა რამდენიმე თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, მათ შორის ოპერა "ჯადოსნური ფლეიტა" და "რექვიემი", რომლის დასრულებაც კომპოზიტორმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვერ მოასწრო.


სასახლე, რომელიც ცნობილია როგორც "მოცარტის უკანასკნელი სახლი", ახლა მსოფლიო დონის მუსიკოსების ასპარეზის ადგილია.


ეს შენობა 1130 წლით თარიღდება. მას ნაწილობრივ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მე-15 და მე-17 საუკუნეებში. არქიტექტურა ასახავს სხვადასხვა პერიოდს შუა საუკუნეების, რენესანსის და ბაროკოს ელემენტებით. ოთხსართულიანი სასახლე გარშემორტყმულია კეთილმოწყობილი პარკით, ულამაზესი ბაღებითა და უძველესი ხეებით. სასახლეში საინტერესო ანტიკვარიატი ინახება.

50 ოთახში არის დასვენებისა და გასართობი სივრცეები, მათ შორის - კინოთეატრი, ოფიციალური სასადილო ოთახები და ბიბლიოთეკა. მამულს ასევე აქვს რენესანსის დროინდელი სამლოცველო და საპყრობილეც კი.
შტუპახის სასახლე ავსტრიის პატარა მთის ქალაქ გლოგნიცში მდებარობს, ვენიდან მატარებლით ან მანქანით მხოლოდ ერთი საათის სავალ გზაზე. თავად მოცარტმა თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ავსტრიის დედაქალაქში გაატარა და დაკრძალულია წმინდა მარქსის სასაფლაოზე, მისი საფლავი უცნობია.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები