დედას და მამას სახლი, ყველაზე თბილი კერა...

მინდა მოგიყვეთ სახლზე, სადაც მე დავიბადე. ეს არის დედის სახლი, მამის სახლი, ყველაზე თბილი კერა, ადგილი, სადაც მუდამ გელოდებიან, სადაც ყოველთვის ვიღაცას ენატრები. ეს არის ამბავი ჩემს სახლზე. აქ წლების წინ ცხოვრობდა ბებო, პაპა, დედა, მამა, ძმა და მე. მაშინ ეზოს გარდა ყველაფერი ვარდისფერი იყო, ეზო იყო მწვანე, ალაგ-ალაგ ვარდისფერი, იისფერი, წითელი, იასამნისფერი, ვარდებით და გვირილებით გადაპენტილი, სხვა ყვავილების სახელები არ მახსოვს. ბებო დიდი სიყვარულით უვლიდა თითოეულ მათგანს, დღეს დედა ეფერება და უვლის.

ეზოს შუაში დიდი თუთის ხე იდგა, რომელიც ყოველ

საღამოს მთელს სამეზობლოს აერთიანებდა. მე გავიზარდე, ძმაც გაიზარდა... მერე ბებო და პაპა წავიდნენ, ნელ-ნელა განაცრისფრდა ყველაფერი, მხრებზე მოურიდებლად დაეშვა სიმძიმე.

 

ადამიანების სენია, რაც გვაქვს არ ვაფასებთ, ვკარგავთ და მერე მივტირით. გინდათ აღსარება დაარქვით, გინდათ მონატრება.... ბებოს თეთრი, გრძელი ჭაღარა თმა ჰქონდა. ყოველთვის "კოსას" იკეთებდა. როცა ცუდად იყო და ხელები აღარ ემორჩილებოდა, მე მთხოვდა დამევარცხნა. მეზარებოდა და "წელის ტეხვით" ვუსრულებდი თხოვნას. დღეს ვნანობ. ახლა რომ ისევ ჩემთან იყოს, საათობით ჩამოვუჯდებოდი სავარცხლით ხელში. დღეში 10-ჯერ ჩამოვუშლიდი და ავუწევდი "კოსას", თან ჭაღარა თმაზე მოვეფერებოდი. ხელში წიგნს მომაჩეჩებდა, მაშინ, როცა გარეთ ბავშვების ჟრიამული ისმოდა. იმ დროს ჩემი მტერი მეგონა და ჩემთვის ჩვეული სიჯიუტით ვუხდიდი "სამაგიეროს". ახლა რომ ისევ ჩემთან იყოს, კალთაში ჩავუდებდი თავს, ხელში წიგნს ავიღებდი, გარეთ რომ ქვეყანა დაქცეულიყო, მისი კალთიდან თავს არ ავიღებდი. რამე ცხოვრებისეულ, გემრიელ რომანს ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავდი. ბოლოს, რომ ვემშვიდობებოდი (თბილისში ვბრუნდებოდი) ჩავეხუტე, თან ბოღმა და ცრემლი მახრჩობდა, ფერმკრთალი იყო, დაუძლურებული, ლოგინს მიჯაჭვული. ვგრძნობდი ბოლო კოცნა იყო, ბოლო ჩახუტება. ამის მერე აღარ მინახავს ჩემი ბებო!


მე და ძმამ დავტოვეთ მამის სახლი. სახლში დარჩა მარტო დედა, მამა და მოლოდინი. ზაფხულობით ისევ ისეთი ჟრიამული ისმის ჩვენს ეზოში, ახლა გიორგი და ლიზი აცოცხლებენ ეზოს, მალე მათ მესამე, ყველაზე დიდი სიმდიდრე შეემატება. მან უნდა მაჩუქოს ფერადი საღებავები, რათა ავაჭრელო საათები, დღეები, კვირები... იქნებ ბავშვობის ფერებში დავხატო მომავალიც.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ქეთი 2019-04-26 00:05
ყველაზე ლამაზია ეს სახლი და მასთან ერთად ჩვენი ბავშვობა :* მახსოვს ყველაფერი რაც ამ ეზოს და სახლს უკაბშირდება :) p.s. ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონება ხარ :*
lika 2017-03-28 15:31
მშობლების სახლი თბილია, სანამ ცოცხლები გხვდებიან,მერე იქ არაფერი აღარ გესაქმება გაცივებულია ყველაფერი, ის უკვე სხვისი სახლია, სტუმრადაც ზედმეტი ხარ.

კომენტარის დამატება