"ასე დაიბადა ბაღი „ევა“ - როგორ იპოვა ლანჩხუთელმა ბიჭმა ბედნიერება ოკამში

მე მოგიყვებით ამბავს, როგორ იქცა ერთი ლანჩხუთელი ბიჭი ოკამის მკვიდრად, როგორ გააშენა ბაღი „ევა“ და როგორ შრომობს, რომ ბაღი სტუმრების საყვარელ ადგილად აქციოს. 33 წლის თენგიზ ცინცაძემ არაერთ სფეროში მოსინჯა ძალები, მაგრამ გრძნობდა, რომ ეს ის არ იყო, რაც მთელი ცოვრება სიყვარულით უნდა ეკეთებინა. თუმცა ეს დღე დადგა, თენგიზმა იპივა საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა და რომელიც შემდეგ მისი ცხოვრბეის განუყოფელ ნაწილად იქცა.

- დავიბადე ქალაქ ოზურგეთში, გავიზარდე ლანჩხუთში დიდ და მოსიყვარულე ოჯახში, ბებია-ბაბუასთან ერთად. ვატარებდი ბედნიერ ბავშვობას მშობლიურ გურიაში, სადაც
სულ ვხედავდი ეზოში მოფუსფუსე ბაბუას, როგორ უყვარდა ნერგები, დამყნობა, გასხვლა, დარგვა და ასე შემდეგ. მეხუთე კლასამდე ვისწავლე ლანჩხუთის. 90-იანი წლებში არსებული მდგომარეობის გამო მამაჩემი თბილიში წავიდა და მალევე ოჯახიც წაგვიყვანა. მართალია, თავიდან გამიჭირდა მეგობრებთან განშორება, ახალი გარემო, ახალი სკოლა, მაგრამ დაიწყო ჩემი თბილისური ცხოვრება. ყველა არდადეგებზე რა თქმა უნდა მივდიოდით გურიაში. იყო შემთხვევები, როცა სახლში მითქვამს, თითქოს დამითხოვეს, გამოცდები არ მქონდა და მეორე დილითვე წავსულვარ ბებია-ბაბუასთან და ამას მოყვებოდა დამრიგებლის დარეკვა, დედაჩემის გაბრაზება, მაგრამ მე უკვე ფეხბურთს ვთამაშობდი გურულ მეგობრებთან, ან ანკესით ვთევზაობდი მდინარეზე. თავიდანვე მათემატიკური ნიჭით გამომარჩევდნენ და ამიტომ მეშვიდე კლასიდან აღმოვჩნდი კომაროვში, სადაც საკმაოდ წარმატებულად ვსწავლობდი. შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბანკო საქმე და აუდიტის ფაკულტეტზე. მაგრამ არასდროს მქონია განცდა, რომ მათემატიკოსი გამოვიდოდი ან ბანკში გავაგრძელებდი საქმიანობას. მეც არ ვიცოდი რა მინდოდა, ვერაფერს გულს ვერ უდებდი. ხშირად ამბობდნენ რთული და თავისებური ბავშვიაო. პერიოდულად ვრჩებოდი მონასტრებში, სადაც განათლება მივიღე მონაზვნების დახმარებით და ჩავაბარე თბილისის სასულიერო აკადემიაში. თუმცა ვერც იქ გავძელი. სასულიერო აკადემიამდე ბედი სამედიცინო სფეროშიც ვცადე, თუმცა თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემგან ექიმი არ გამოვიდოდა. სულ მიყვარდა ბუნება, ტყე, თევზაობა, ნადირობა და ყველაფერი რაც მანიჭებდა ჩემეული თავისუფლების განცდას. იყო დრო, როცა ბერობაზეც ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ეს რჩეულთა გზაა. მოკლედ სად არ ვიხეტიალე, სად არ ვცადე ბედი და მშვიდათ ვერსად ვერ ვგრძნობდი თავს. ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი, ბედნიერი ბავშვობაც დამთავრდა და ერთ მშვენიერ დღეს ჩემთვისაც მოულოდნელად ჩავალაგე ბარგი და წავედი პოლონეთში. ისე უბრალოდ, ავდექი და წავედი...

- ამის მერე როგორ წარიმართა თქვნი ცხოვრება? იყო ეს, რასაც ეძებდით?
- დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ხეტიალმა. იყო ბევრი სირთულეც. სიცივე, შიმშილი, უსახლკარობა. ერთ დღეს გერმანიაში ვნახე ინტენსიური ვაშლის ბაღები. ისე მომეწონა მთელი დღეები თვალწინ მედგა, ვფიქრობდი ადრე თუ გვიან მეც გავაშენებ ასეთ ბაღს ჩემს ქვეყანაში თქო, მაგრამ მეშინოდა ვაი, თუ ჩემი მორიგი ახირებაა და მომბეზრდეს მეთქი. მოკლედ, ასე დაიბადა ჩემს გულში და გონებაში ხეხილის ბაღი. მხოლოდ იმ ერთი დღისთვის ღირდა ჩემი ევროპული ხეტიალი, როცა ეს შეხვედრა მოხდა ჩემსა და ბაღებს შორის, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თითქოს რაღაც შეცვალა ჩემში. გამიქრა ის შიშიც, რომ მომბეზრდებოდა და რამე სხვას დავუწყებდი ძებნას. ეს იმიტომ, რომ რაც დრო გადიოდა უფრო მეტად ვფიქრობდი და ვიცოდი, როგორიც იქნებოდა ჩემი ბაღი. მოვუვლიდი, მოვრწყავდი ხეხილს, ამაზე ფიქრიც კი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მინდა გითხრათ, რომ მიწასთან შრომა ბავშვობიდან მიყვარდა. ბაბუაჩემს ვაკრეფინებდი ტყემალს, ვხდიდით არაყს, ვბარავდით ეზოს და ერთი სიტყით უცხო არ იყო ჩემთვის მიწასთან სიახლოვე, თუმცა ბაბუა და შვილიშვილის გართობის გარდა სხვა გამოცდილება არ მქონია. მაგრამ ალბათ მთავარი მაინც ესაა და აქედან იწყება ჩემი ბუნებისადმი სიყვარული. დაგროვდა ეს ფიქრები, განცდები, გავიდა დრო ფიქრის და გადავწყვიტე ოცნების რეალობად ქცევა.

- როდის აქციეთ თქვნი ოცნება რელობად?
- მამაჩემის დახმარებით შევარჩიეთ ვაშლის და ზოგადად ხილისთვის შესაფერისი მიწა სოფელ ოკამში, სადაც საბჭოთა დროს იყო ცნობილი ღვინის ქარხანა. პირველი ეტაპი შესრულდა, მიწა ვიყიდე. ახლა საჭირო იყო გაშენება. გავაგრძელე ევროპული ვოიაჟი, გადავედი სხვა ქვეყანაში და რატო ნუ მკითხავთ უბრალიდ დამიჭირეს. გამომკეტეს შვეიცარიის ციხეში და როგორც კი მომიხურეს კარები, დამეწყო ბაღის გაშენებაზე ფიქრები. ბევრად უფრო ემოციურად ვხაზავდი თაბახის ფურცლებზე ხეების რიგებს. იქ ფიქრისთვის დიდი დრო გაქვს. ცხრა თვის მერე გადამაგზავნეს პოლონეთის სადეპორტოში. ასე უფერულად და ფიქრებში გადიოდა დღეები. ერთ მშვენიერ და უკვე ჩემთვის მნიშვნელოვან დღეს დამიძახეს დირექციასთან. ყველაფერს ვფიქრობდი რა უნდა მომხდარიყო გარდა იმისა, რაც შემომთავაზეს. თარჯიმანი მეუბნება ხვალ დილამდე გაქვს დრო, რამე ბიზნეს იდეისთვის და თუ მოეწონებათ დაგაფინანსებენო. ის ღამე იყო ენით აღუწერელი ფიქრების ღამე! დილით წარვადგინე ინტენსიური ვაშლის ბაღის გაშენების გეგმა ჩემს ნაკვეთში. ეს იყო ევროკავშირის ორგანიზაცია IOM, რომელსაც ჩავაბარე ეს გეგმა და დავბრუნდი ჯერ ჩემს ოთახში და მალევე სამშობლოშიც. გავიდა თვეები. ვდგები ქართული ცხოვრების კალაპოტში და აღარც კი მახსოვს დაწერილი გეგმა. მე და მამაჩემი ჩავედით ოკამში, ვნახე ნაკვეთი, რომელიც ძალიან მომეწონა და დავიწყეთ მსჯელობა და ფიქრი რა სახსრებით გაგვეშენებინა. ამ მსჯელობებში კიდევ რამდენიმე თვე გავიდა და დედაჩემი მეძახის ვიღაც გოგო გკითხულობს ტელეფონზეო. თავი ზღაპარში მეგონა, როცა მაცნობეს, რომ 70 განცხადებაში მხოლოდ 2 დააფინანსეს და ერთ-ერთი თქვენი ვაშლის ბაღიაო. სადეპორტოში რატომ ამირჩიეს სულ თავიდან დღემდე გაუგებარია ჩემთვის.

- როგორი იყო პირველი ნაბიჯები?
- ასე დაიწყო ბაღის გაშენება ჩემი და მამაჩემის უდიდესი შრომით. პირველად გავაშენეთ 830 ძირამდე ვაშლი. ძნელია იმ ემოციის გამოხატვა, როცა გაზაფხულზე პირველი კვირტები დაიბერა. ეს იყო რაღაცა დიდი სიახლის დასაწყისი ჩემს ცხოვრებაში. დაიწყო შრომა საკმაოდ მძიმე და შრომატევადი, მაგრამ საღამოს მზის ჩასვლა ხსნიდა ყოველგვარ დაღლილობას. გახარებული, უაზროდ დავდიოდი მწკრივებში და ვეფერებოდი ჩემს ნერგებს. ვთხოვდი, რომ გაეხარათ. უცხო თვალს, რომ დაენახა ჩვენი საუბარი, ალბათ შევეცოდებოდი, როგორ შეშლილა ეს ბიჭიო. თვალსა და ხელშუა დამსხვილდა ნერგები, უკვე ბალახი ნერგს ვეღარ ერეოდა. დროდადრო ვისწავლე როგორ შემეწამლა, გამესხლა და მომეარა ბაღისთვის. ასე ვყალიბდებოდი დამწყებ მებაღედ. მოულოდნელად, უზომოდ გახარებულზე, პირველ წელს როცა მოსავალი უნდა ამეღო სეტყვამ გამიფუჭა ყველაფერი. ეს ამბავი არ მივიღე დიდ ტრაგედიად და ორმაგი შემართებით შევხვდი მომავალ წელს, მაგრამ უკვე ყინვამ არ დამინდო და 15_20 ტონა ვაშლი გამიფუჭა. მინდა გამოგიტყდეთ, შემართება და რომ არა მამაჩემის უდიდესი გვერდით დგომა გამიჭირდებოდა ძალების პოვნა. მიხსნიდა, რომ ყველაფერს ახლავს სირთულე და არ უნდა შეუშინდე. ბევრად ტკბილია წვალებით მიღწეული ნაყოფი და რაც ყველაზე მთავარია სულ მემახსოვრება მისი სიტყვები: ,,იმდენს შრომობ და ისე მადლიანად, თუკი რამე არსებობს აუცილებლათ გაგიმართლებს. ნუ გეშინია!“. გადამიარა იმ უიმედობის პერიოდმა. შევუტიე იგივე შემართებით ბაღის მოვლას. იყო ძალიან ბევრი მშვიდი საღამოები. ლამაზი ფერებინერგებს შორის და ეს ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებდა, მაგრამ თბილიში დაბრუნება აღარ მინდოდა. სულ იქ ყოფნა მსურდა და გადავწყვიტე პატარა კოტეჯის ჩადგმა. ბაღში თუკი რამეს ვაკეთებდით ყველაფერს ვცდილობდი ჩემი ხელით გამეკეთებინა. გონებაში მქონდა სურათი ჩემი სახლის, რომელიც აშენებამდე მიყვარდა. ახლა გამიჭირდება იმის გადმოცემა, რაც იქ ხდებოდა. რამხელა შრომა და სიყვარული იდებოდა მამა-შვილის მიერ, ვგრძნობდი უხაროდა მამაჩემს, როცა მხედავდა გულით როგორ მიყვარდა იქ ყოფნა.
უხაროდა, რომ ვნახე საქმე, რაც სიამოვნებას მანიჭებდა. ბევრი მინდა გითხრათ, მაგრამ შეუძლებელია ამ ყველაფრის გადმოცემა. კოტეჯის აშენებამ საერთოდ მომწყვიტა თბილისს და გადავწყვიტე ოკამში საცხოვრებლად გადასვლა. ამოვეწერე თბილისში და ჩავეწერე ოკამში. დავრეგისტრირდი კომლად და მომენიჭა მისამართი ქეთევან წამებულის - 3. ასე გავხდი ლანჩხუთელი ბიჭი ოკამის მკვიდრი. საინტერესოა ერთი ფაქტი, რომ საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ შემეცვალა მიდგომა ბაღის მიმართ. ეს აღარ იყო ვაშლის ბაღი ნაკვეთი, არამედ ეს გახდა ჩემი სახლი დიდი ეზოთი, ხეხილით, სიწყნარითა და ლამაზი მზის ჩასვლით, სადაც უნდა მომსვლოდა სტუმრები. მე კი ვიყავი მასპინძელი ჩემი პატარა სახლით. დავიწყე ესთეტიკაზე ზრუნვა. დავრგე კვიპარისები, ტირიფი, ვაზი, ნელნელა ვეწყობოდი საჭირო ნივთებით, ბაღს შევმატე 45 ძირი ქლიავი, ერთი სიტყვით დავფუძნდი ბაღში და დავარქვი სახელი „ევა“.

- რატომ „ევა“?
- რატომ „ევა“? ეს თქვენ განსაჯეთ. ასე დაიბადა ბაღი „ევა“. ამიტომ ვფიქრობ, ჩემთვის „ევა“გამორჩეული ბაღია. უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო ამის გარშემო, დანარჩენს პირადათ მოუყვები ყველა ჩამოსულ სტუმარს. მერწმუნეთ მოსაყოლი ძალიან საინტერესო და ბევრია.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- აქ ძალიან შევეჩვიე მარტოობას, ფიქრს და რა თქმა უნდა ბაღიც განვითარდება ჩემთან ერთად. ჩვენ ერთმანეთს ვზრდით, ვავსებთ, ვითარდებით. ჩემი შემდეგ ნაბიჯებია ვაზის გაშენება, ჩირისა და ძმრის წარმოება. ხშირად ვფიქრობ მარწყვის სათბურზე, ცოტა უფრო შორეულ ფიქრებში ფუტკარსაც ვხედავ. ბაღი „ევას“ გაშენებაც ხომ ფიქრებით დაიწყო თავის დროზე ჩემი სამშობლოდან შორს. და ბოლოს მინდა მოვიდეს დრო, როცა ჩემს ნაგროვებ პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას გაუზიარებ დამწყებ გულანთებულ მებაღეებს, მომავალ თაობას ვეტყვი, რომ თუ სიყვარულითა და გულით მიუდგებიან საქმეს, ბარიერები არ არსებობს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

თეა 2019-02-02 09:29
ყოჩაღ შენნნ
თეა 2019-02-02 09:28
ყოჩაღ შენ ..მაგარი კაციხარ..14 წელია ეზოს დავფუსფუსებ სოფელში და ჩემს ქმარს გარეთ არგამოუხედავს ერთხელაც რამეს გავაკეთებოო
თბილისელი 2019-01-18 22:14
დაგელოცოს მარჯვენა კარგო კაცო. შენი ფიქრების განხორციელებას გისურვებ ბოლომდე და მანამ გყოლოდეს მამა გვერდით, ვიდრე არ მოგწყინდება. დაილოცოს თქვენი მამა შვილობა.
მარიკა 2018-09-26 11:34
ძალიან იშვიატობაა ამ დროში ასეთი მშრომელი და მოაზროვნე ახალგაზრდა, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაბედნიეროთ! დაგილოცავთ თენგო მარჯვენას. იხაროს ქართულმა გენმა!!!
მარინა 2018-09-02 19:41
თავად ვეწვიე თენგოს.იქ სასწაულია ხალხნო და მალე კიდევ ბევრი გეგმებია.მეამაყება გურულმა ქართლში ქარბორბალა დაატრიალა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი